წარმატებული ოფისი მენეჯერი


როგორ გავხდეთ შეუცვლელი ოფის-მენეჯერი? ოფის-მენეჯერს ორგანიზაციის თითქმის ყველა ფუნქციასთან აქვს შეხება. ორგანიზაცია და საწარმოო პროცესი, საქმიანობის სფეროს მიუხედავად, რამდენიმე ძირითად შემადგენელს აერთიანებს: კოლექტივი, რომელიც მოქმედებს გარკვეული წესრიგის დაცვით, არის იერარქია, არის ინვენტარი, მიმდინარეობს სამუშაო/საწარმოო პროცესები, მიმდინარეობს ურთიერთობა გარე სამყაროსთან. ორგანიზაციის გარკვეულ პოზიციებზე მომუშავე კადრებს, მხოლოდ ერთ, ან რამდენიმე ფუნქციასთან უწევს გადაკვეთა, ხოლო ოფის–მენეჯერი ყველა რგოლთან კავშირშია. მეტიც! ყველა რგოლის თუ საქმიანობის შეუფერხებელი ფუნქციონირება მისი ვალდებულებაა – ინფორმაციის გაცემა, შემოსული ინფორმაციის სწორად გადამისამართება, ვიზიტებისა და შეხვედრების დაგეგმვა, ინვენტარის გამართულად მუშაობა და სხვა. სამუშაოს ასეთ მოცულობასთან გამკლავება ოფის–მენეჯერისგან დიდ ყურადღებასთან ერთად, მთელი რიგი უნარ–ჩვევების ფლობას მოითხოვს.
ოფის–მენეჯერი პირველი ხვდება კომპანიის სტუმრებს. ამიტომ ის კომპანიის სახედ, მის სავიზიტო ბარათად ითვლება. ნებისმიერი სტუმრის პირველი შთაბეჭდილება რომ დადებითი იყოს, ოფის–მენეჯერი ვალდებულია კეთილგანაწყოს იგი. ამიტომ ოფის–მენეჯერი უნდა იყოს ტაქტიანი, კორექტული, მომღიმარი, დაიცვას სუბორდინაცია, იყოს თავაზიანი. ზუსტად ამიტომ ოფის–მენეჯერების შერჩევისას, კანდიდატების პიროვნული თვისებებიდან, განსაკუთრებულ ყურადღებას მის კომუნიკაბელურობას აქცევენ. ოფის–მენეჯერი უნდა გამოიყურებოდეს პრეზენტაბელურად, საქმიანი ჩაცმულობის გარდა მნიშვნელობა აქვს სადა ვარცხნილობასა და მაკიაჟს.
ზემოთ აღნიშნული პიროვნული თვისება (კომუნიკაბელურობა) და ჩვევა (აკურატულობა), ოფის–მენეჯერის მთავარ მახასიათებლად ითვლება. ხოლო დანარჩენი მოთხოვნები ადვილად სწავლადია და მათ ჩამონათვალს მოკლედ ქვემოთ შემოგთავაზებთ. ხოლო მომდევნო სტატიებით ჩვენს ბლოგზე დეტალურად ვეცდებით ჩავუღრმავდეთ ოფის–მენეჯერის ვალდებულებების და კონკრეტული ამოცანების გაანალიზებას.

Comments